22 ივლისი 2026,   01:55
ვრცლად
331 შეკვრად დაფასოებული და გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი - ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულის დეტალები

ორგანიზებულმა ჯგუფმა ნარკოტიკი 331 შეკვრად დააფასოვა და გასაყიდად გაამზადა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ე.წ. ფაქტები კლიენტებისთვის სხვადასხვა მისამართზე უნდა დაეტოვებინათ. სამალავებისკენ მიმავალი 23 და 30 წლის მამაკაცები პოლიციამ ქუჩაში დააკავა. ნარკოტიკი კი ნარკოდანაშაულის საქმის მთავარი მტკიცებულების სახითაა ამოღებული.

"კურიერის" ინფორმაციით, ორგანიზებულმა ჯგუფმა დანაშაულებრივი გეგმა წინასწარ შეიმუშავა. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე შექმნეს ინტერნეტმაღაზია. ე.წ. ჩატში განიხილავდნენ, რა ფორმით გადაეცათ ნარკოტიკი კლიენტისთვის ისე, რომ არავის შეემჩნია. ნაწილს დებდნენ, ნაწილს კი ხელიდან ხელში გადასცემდნენ.

სამალავებიდან, პირადი ჩხრეკისას და საცხოვრებელი სახლიდან პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები ამოიღო. კურიერის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ირანის მოქალაქეები არიან და თბილისში ქირით ცხოვრობდნენ. ბინა, სადაც პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, დალუქულია.

ორგანიზებული დანაშაულის კვალზე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლები კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გავიდნენ. გამოძიება ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მუხლებით გრძელდება.

ირანის დაკავებულ მოქალაქეებს ბრალი გენერალურმა პროკურატურამ უკვე ოფიციალურად წარუდგინა. ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლომ ორივე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დღის ამბები