21 ივლისი 2026,   21:39
ვრცლად
პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტებზე ბრალდებულს, კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე ბრალდებულს, კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 – 2026 წლებში, ბრალდებული წვევამდელებს და მათი ოჯახის წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც მათგან მოტყუებით ჯამში 15400 ლარი მიიღო.

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ყალბი სამედიცინო ისტორიის გამოგონებით, ავადმყოფობის სიმულაციით და შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” დამზადებული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მათი ოჯახის წევრებისგან ჯამში 26900 ლარი მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 64 068 ლარი, 105 100 აშშ დოლარი და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

დაკავებულს ბრალდება აღნიშნულ ეტაპზე, 6 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთა დამატებით 20 დანაშაულებრივი ეპიზოდი და დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით (თანამონაწილეობა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებაში და გამოყენებაში დახმარება), 25-356-ე მუხლის პირველი ნაწილით (წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარება, ავადმყოფობის სიმულაციით და ყალბი დოკუმენტის გამოყენებით) და 260 მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით," - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები