21 ივლისი 2026,   16:47
ვრცლად
"ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც წვიმამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა" - კახა კალაძე

ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს, სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ პრობლემები არ იყოს დედაქალაქში, - განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძის თქმით, მერია ყველა იმ ადამიანს დაეხმარება, რომელსაც წვიმამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა.

"ცხელი ხაზი მუშაობს და ნებისმიერ შემოსულ ზარს ჩვენ ვპასუხობთ და ვახდენთ შესაბამის რეაგირებას. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა წვიმამ, დაიტბორა სარდაფები, ეზოებს შეექმნა პრობლემები. იყო გარკვეული მომართვიანობა რაიონებში და ჩვენი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში ყველას გვერდით დავუდგებით. ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს. სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ პრობლემები არ იყოს დედაქალაქში. გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც სანიაღვრე ქსელები საერთოდ არ არსებობს, თუმცა უმეტესობა ქუჩებსა და გამზირებზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები არის მოძველებული, ისეთი მდგომარეობაა, რომ კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად, ეტაპობრივად ყველაფერს განვაახლებთ. ცხადია, ერთი ხელის მოსმით ვერ გაკეთდება, რადგან დიდ თანხებზეა საუბარი, მუნიციპალიტეტში არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები და პრიორიტეტები, შესაბამისად, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და განახლებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

დღის ამბები