21 ივლისი 2026,   04:20
ვრცლად
შუა დერეფანში ამ მაგისტრალს საკვანძო ფუნქცია აქვს, ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ რასაც ვაკეთებთ ბიუჯეტით, ის ხარისხიანი იყოს - რევაზ სოხაძე სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში რამდენიმე დღის წინ გახსნილ სამტრედია-გრიგოლეთის 6 კილომეტრიან მონაკვეთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შუა დერეფანში ამ მაგისტრალს საკვანძო ფუნქცია აქვს.

მინისტრის განცხადებით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები გრიგოლეთი-ქობულეთის 3 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიხსნება.

"უნდა აღინიშნოს, რომ შუა დერეფანში ამ მაგისტრალს საკვანძო ფუნქცია აქვს. გასული წლის ბოლოს სრულად გაიხსნა რიკოთის მონაკვეთი, რაც ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტი იყო, რომელიც ჩვენს რეგიონში განხორციელებულა და არამარტო საქართველოში. რამდენიმე დღის წინ კი, ჩვენ გავხსენით კიდევ ერთი, სამტრედია-გრიგოლეთის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი. ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები 3 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც იმედი გვაქვს, რომ ოქტომბერში გაიხსნება.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის გახსნაზე მე აღვნიშნე, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა არამხოლოდ ის, რომ სწრაფადა გავხსნათ გზამ, არამედ ის, რომ სწორად გავხსნათ. ამ მიმართულებით კი ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, თუნდაც ახლა რომელ 3 კილომეტრიან მონაკვეთზეც ვსაუბრობ, ეს გახლავთ გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთი, იქ გარკვეულ კონსტრუქციებზე აღმოჩნდა ხარვეზი და კონტრაქტორს მოუწია საკუთარი ხარჯებით ამ ხარვეზის გასწორება, ზუსტად ამიტომაც ხდება ამ პროექტის გადავადება.

ანალოგიური შემთხვევა გვქონდა ამ მონაკვეთზეც, როდესაც ამის გახსნას რამდენიმე თვის წინ ვგეგმავდით, იყო გარკვეული ხარვეზი, რაც შესაძლოა შეუიარაღებელ თვალს და მოსახლეობას ვერ შეემჩნია, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ თავს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ თუნდაც მცირედი წუნით რაიმე პროდუქტი ჩავიბაროთ. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ რასაც ვაკეთებთ ბიუჯეტით, ის ხარისხიანი იყოს. ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის, ეს არის ის, რასაც ჩვენ რეალურად ცხოვრებაში ვნერგავთ,"- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.

 

დღის ამბები