19 ივლისი 2026,   21:53
ვრცლად
სუროგაციის გამო ატეხილი სკანდალის ფონზე, მერცის უახლოესი პარტნიორი და გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული" კავშირის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი თანამდებობიდან გადადგა

მერცის უახლოესი პარტნიორი და გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული" კავშირის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, იენს შპანი თანამდებობიდან გადადგა. "გარდიანი" წერს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი მაღალი რანგის თანამდებობის პირის გარშემო ატეხილი სკანდალი გახდა, რომელიც სუროგაციის გზით შვილის ყოლას უკავშირდება.

გერმანიაში სუროგაციის ინსტიტუტი ფედერალური კანონმდებლობით აკრძალულია. საკანონმდებლო ბარიერების გამო, იენს შპანმა და მისმა მეუღლემ, დანიელ ფუნკემ, პროცედურა შეერთებულ შტატებში ჩაატარეს.

ფაქტმა გერმანიის პოლიტიკურ წრეებში მწვავე დებატები გამოიწვია, რადგან ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი წარსულში თავადვე მკაცრად ეწინააღმდეგებოდა სუროგაციას, მიმდინარე წლის თებერვალში კი, მისმა პარტიამ კონფერენციაზე მხარი დაუჭირა ქვეყანაში მოქმედი აკრძალვის ძალაში დატოვებას.

ოპონენტები და თანაპარტიელები ახლა მას ორმაგ სტანდარტსა და პოლიტიკურ თვალთმაქცობაში ადანაშაულებენ. პოლიტიკური წნეხის ფონზე, შპანმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. მან განაცხადა, რომ ოჯახური ბედნიერება და მამობა მისთვის უპირატესია, თუმცა ეს ყოველივე შეუთავსებელი აღმოჩნდა მის ამჟამინდელ პოლიტიკურ სტატუსთან. მომხდარს უკვე გამოეხმაურა ფრიდრიხ მერცი. მან შპანის გადადგომას "გარდაუვალი ნაბიჯი" უწოდა.

დღის ამბები