18 ივლისი 2026,   07:34
ვრცლად
არაობიექტური რეზოლუციები, უსამართლო გადაწყვეტილებები და სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა - მმართველი გუნდი ბრიუსელის მტრულ პოლიტიკასა და ევრობიუროკრატიის კრიზისზე საუბრობს

არაობიექტური რეზოლუციები, უსამართლო გადაწყვეტილებები, სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა - მაშინ, როცა დიალოგს უსაფუძვლო კრიტიკა, ურთიერთთანამშრომლობას კი დაპირისპირება ანაცვლებს, "ქართული ოცნებისთვის" ევროპასა და ევრობიუროკრატიას შორის რადიკალური განსხვავება კიდევ უფრო აშკარა ხდება. ამ განსხვავებებზე დღეს სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, არაევროპულმა ნაბიჯებმა ევროპელ ლიდერებს ქართველი ხალხის ნდობა და პატივისცემა დააკარგვინა.

ევროსტრუქტურებისა და ევროკავშირის მიმართ ნდობა რომ შემცირდა, ეს პრემიერ-მინისტრის თქმით, "ევრობარომეტრის" კვლევითაც დასტურდება. მიზეზი კი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრიუსელის მტრული პოლიტიკაა, რომელსაც ევრობიუროკრატები არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ ომში მყოფი უკრაინელებისა და ეკონომიკურ კრიზისში მყოფი მოლდოველების მიმართაც იყენებენ.

ევრობიუროკრატების კრიტიკა ის წითელი ხაზია, რომელსაც ოპოზიცია არასდროს კვეთს. ხელისუფლების ოპონენტებმა დღესაც, ტრადიციულად თქვეს, რომ ევროპელი ლიდერების ყველა ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებას ემსახურება.

"ქართული ოცნების" თქმით, კონკრეტული ევრობიუროკრატების მიზანი საქართველოში პოლარიზაციის გაზრდა, დესტაბილიზაციის მოწყობა და პოლიტიკური რეალობის შეცვლაა. სახელისუფლებო გუნდისთვის დღევანდელი ევრობიუროკრატია ღირებულებით კრიზისს განიცდის, რაც მათსავე გადაწყვეტილებებზე აისახება.

სახელისუფლებო პარტიიდან ევრობიუროკრატებს დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა ორივე მხარის ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი და ღირებულებები თანაბრად არის გათვალისწინებული.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები