"გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა. აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს პოზიცია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო უპირატესობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური მზაობის შეფასება მსოფლიოს 192 ქვეყანაში განხორციელდა. ეკონომიკური მზაობის ინდექსი აფასებს ქვეყნის ბიზნესგარემოს უნარს, მოიზიდოს და ეფექტიანად აითვისოს ინვესტიციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას.
"აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, რაც განპირობებულია, ერთი მხრივ, იმ სწორი პოლიტიკით, რომელიც კერძო სექტორის მხარდაჭერასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, მეორე მხრივ კი იმ საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომელიც ქვეყანას გააჩნია და რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, ბიზნესგარემოს პროგნოზირებადობას, სიჯანსაღეს და ზოგადად, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, მომავალშიც გაგრძელდეს ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტიციებისთვის.