"სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ, როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს," - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ავრცელებს.
მინისტრი ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, სადაც კალასი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს, თუმცა არა საქართველოს ხელისუფლებას.
"ნამდვილი პარტნიორობის საფუძველი დიალოგია და არა ურთიერთობისგან დისტანცირება. საქართველო კვლავაც ერთგულია ევროკავშირთან პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისათვის.
თუმცა, ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია. დემოკრატია ნიშნავს ამომრჩეველთა გადაწყვეტილების პატივისცემას - არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურად ხელსაყრელია," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.