სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ იდენტიფიცირებულ ფაქტებზე სასამართლოებში პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე გამოიტანა რამდენიმე გადაწყვეტილება.
გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის მისამართით სოციალურ ქსელში დაწერილი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, გოჩა ადამია და დავით ტყეშელაშვილი ოთხ-ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდნენ.
4-ათასლარიანი სანქცია დაეკისრა კახაბერ სულაბერიძესაც, რომელმაც შეურაცხმყოფელი კომენტარი გურამ მაჭარაშვილის მისამართით დაწერა. თენგიზ ჭანტურიძის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის კი 1500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ქეთევან მარტინენკოს.
დღესვე, გადაწყვეტილებას ელოდებიან პაატა ჭელიძე და ალექსანდრე სელივრიაც, რომლებმაც აგრესიული ლექსიკა გურამ მაჭარაშვილისა და მარიამ ლაშხის წინააღმდეგ გამოიყენეს. პროცესები დედაქალაქის გარდა რეგიონებშიც მიმდინარეობს. წყალტუბოსა და სამტრედიაში ბიძინა ივანიშვილის, თეა წულუკიანისა და ირინე ფერაძის შეურაცხყოფის ფაქტებს განიხილავენ.