ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯგუფი ევროკომისიას უპირისპირდება.
როგორც POLITICO წერს, ბელგია, ნიდერლანდები, ესპანეთი და სხვა ქვეყნები ცდილობენ, ევროკომისია აიძულონ, შეზღუდოს ვაჭრობა ისრაელის "უკანონო დასახლებებთან".
ამჟამად ევროკავშირის ხელმძღვანელობაში აზრთა სხვადასხვაობაა: ერთ მხარეს არიან ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელ კაია კალასთან ერთად უფრო მკაცრ ზომებს ითხოვენ, მეორე მხარეს კი - ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისია, ასევე გერმანია და ჩეხეთი, რომლებიც ამ ნაბიჯის გადადგმას ეწინააღმდეგებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ამ საკითხის განსახილველად იკრიბებიან, ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ ტარიფების დაწესების ან იმპორტის პირდაპირი შეზღუდვისგან.
მთავარი მიზანი იმ უმრავლესობის შექმნაა, რომელიც ევროკომისიას აიძულებს, წარმოადგინოს ოფიციალური საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ქვეყნები შემდგომში კენჭს უყრიან.
ევროკომისიის კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ მოიპოვა, აღნიშნულია, რომ დასავლეთ სანაპიროს უკანონო დასახლებებთან ვაჭრობა ევროკავშირისა და ისრაელის საერთო სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 0.5%-ს შეადგენს, თუმცა საკითხი პოლიტიკურად მწვავეა.
კრიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ფონ დერ ლაიენს "პროცესის გაჭიანურებაში" ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის ხელმძღვანელი ოქტომბერში დაგეგმილი ისრაელის არჩევნების წინ დაძაბულობის ესკალაციას ერიდება.
მთავარი დავა ასევე ეხება სამართლებრივ მხარეს: ევროკომისია და გერმანია ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი ზომა ევროკავშირის "საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას" (CFSP) განეკუთვნება, რაც გადაწყვეტილების მისაღებად ყველა ქვეყნის ერთსულოვნებას მოითხოვს.
თუმცა, ინიციატივის მომხრე ქვეყნები ევროპული საბჭოს იურიდიული სამსახურის დასკვნაზე მიუთითებენ, რომლის მიხედვითაც, ეს არის სავაჭრო პოლიტიკის საკითხი და მის დასამტკიცებლად მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობაა საჭირო.
POLITICO-ს ცნობით, კაია კალასსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს შორის ურთიერთობები კვლავ დაძაბულია, რაც კიდევ უფრო ართულებს ევროკავშირის დიპლომატიურ ძალისხმევას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.