11 წლის წინ გადაღებულ კადრებში გახმაურებული მკვლელობის ადგილი ჩანს - დაცხრილული ავტომობილი, ტყვიის მასრები და სისხლის არაერთი კვალი - ფანჯიკიძის ქუჩაზე, 2015 წელს მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებას ადასტურებს. 25 დეკემბერს გიორგი კვარაცხელიას, შავი ფერის ავტომობილიდან გადმოსვლისთანავე, ცეცხლი გაუხსნეს და სასიკვდილოდ დაჭრეს. 21 წლის მამაკაცი, ცეცხლნასროლი ჭრილობებით, კლინიკაში რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
11 წლის შემდეგ, გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილად გამოცხადდა. გამოძიებამ დღეს იმ პირების ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებმაც გიორგი კვარაცხელია სასიკვდილოდ გაიმეტეს. ირკვევა, რომ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის თორნიკე კაჭარავა და დავით დეკანოსიძე არიან ბრალდებულები.
გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგიდან მალევე საჯარო კომენტარი გიორგი კვარაცხელიას დედამ გააკეთა. "მადლობა საგამოძიებო უწყებებს" - ამ სიტყვებით დაიწყო ჟურნალისტებთან საუბარი და თქვა, რომ ამ დღეს დიდი ხანია ელოდა.
11 წლის წინ მომხდარ ფაქტზე ემოციების გარეშე ვერ საუბრობს. ინგა მახარაძემ თავად დაინახა, როგორ გაიმეტეს მისი შვილი სასიკვდილოდ, საკუთარი სახლის ეზოში.
მკვლელობის საქმეზე სამართლებრივი განმარტება მოგვიანებით გიორგი კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატმაც გააკეთა.
რატომ გაიმეტეს 21 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ - ამ კითხვას პასუხი დღეს ოფიციალურად გაეცა. ცნობილია დანაშაულის მოტივი. გამოძიების ინფორმაციით, დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ კაჭარავას ძმასა და გიორგი კვარაცხელიას შორის წარსულში მომხდარი უთანხმოება გაიხსენეს და კვარაცხელიაზე შური იძიეს.
გამოძიებისთვის ცნობილია ისიც, თუ როგორ დაიგეგმა კვარაცხელიას მკვლელობა. ბრალდებულები, დეკანოსიძე და კაჭარავა, 25 დეკემბერს, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღდნენ, კვარაცხელიას საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, ჩაუსაფრდნენ და 20:36 საათზე ესროლეს. შემდეგ კი მიიმალნენ.
ბრალდებულ თორნიკე კაჭარავას სახელი არაერთ კრიმინალურ საქმეს უკავშირდება. "კურიერის" ინფორმაციით, კაჭარავა ამ დროისთვის სასჯელს ხულიგნობის ფაქტზე მიცემული ცრუ ჩვენებისთვის იხდის. გიორგი დეკანოსიძეზე ძებნა გამოცხადდება. ადვოკატებს ბრალდების დადგენილებები უკვე გააცნეს.
კაჭარავასა და დეკანოსიძეს, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ჩადენის დადასტურების შემთხვევაში, 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კავშირში მყოფი სხვა პირების დასადგენად, გამოძიება გრძელდება.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო უახლოეს საათებში იმსჯელებს. უკვე ცნობილია, რომ გენერალურ პროკურატურას ორივე მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა ექნება.