აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა, ოთხშაბათს ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ვაშინგტონსა და თეირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებებისა და თურქეთისთვის ამერიკული F-35-ის ტიპის გამანადგურებლების შესაძლო მიყიდვასთან დაკავშირებით ისრაელის შეშფოთების ფონზე, წერს The Times Of Israel.
ისრაელის ოფიციალურმა პირმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მედიასთან დაადასტურა ვიზიტის დაგეგმვისა და მისი გაუქმების ფაქტი.
ოფიციალური პირის თქმით, ჰეგსეტს ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა უნდა ჰქონოდა, თუმცა დეტალები შეხვედრის შინაარსის ან გაუქმების მიზეზების შესახებ არ დაუკონკრეტებია.
Axios-ის და CNN-ის ინფორმაციით, სამშაბათს ჰეგსეტი, სავარაუდოდ, შეხვდებოდა ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცს, ნაწილობრივ იმისთვის, რომ განემუხტა ისრაელის შეშფოთება თურქეთისთვის F-35-ების შესაძლო მიყიდვის თაობაზე.
თუმცა, ოთხშაბათს დილით, ებრაულენოვანმა მედიამ, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიზიტი, რომელიც პენტაგონის ხელმძღვანელის რანგში ჰეგსეტისთვის პირველი იქნებოდა, გაუქმდა.
საინფორმაციო საიტ Ynet ცნობით, ისრაელს ვიზიტის გაუქმების შესახებ აშშ-სა და ირანს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე აცნობეს.
ეს ცნობები გავრცელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმი "დასრულებულია".
მედიის ცნობით მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტეში სამ ტანკერს ჭურვები მოხვდა, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს, რითაც კიდევ უფრო გაზარდეს წნეხი ზავზე.
ირანის უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები დარტყმებს დამანგრევლად უპასუხებენ; ამასთან, ირანმა თავდასხმები განახორციელა აშშ-ის მოკავშირე ბაჰრეინსა და ქუვეითზე.
ჰეგსეტი ისრაელში თურქეთიდან უნდა ჩასულიყო. თურქეთში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გვერდიგვერდ ჯდომისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „ნამდვილად განიხილავს“ თურქეთისთვის F-35 გამანადგურებლების მიყიდვას.
"ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ... ეს ნამდვილად არის ის, რასაც განვიხილავდით", - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ "ჩვენ თურქეთთან უკეთესი ურთიერთობა გვაქვს და თურქეთი ბევრ შემთხვევაში უფრო ლოიალური იყო, ვიდრე სხვა ქვეყნები".
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებები მიანიშნებდა, რომ ის ჯერ კიდევ ფიქრობდა ამ ნაბიჯზე, სააგენტო Reuters, ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ მოსალოდნელია, ტრამპმა მხარი დაუჭიროს ამ გარიგებას.
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელი ეწინააღმდეგება ამ გაყიდვას, ხოლო სამშაბათს დაადასტურა, რომ მან ტრამპს ამ ნაბიჯისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
თურქეთის ლიდერებმა ისრაელის ქმედებები ღაზაში ჰოლოკოსტის დროს ნაცისტების ქმედებებს შეადარეს. იერუსალიმმა ასევე გააფრთხილა, რომ ანკარისთვის გამანადგურებლების მიყიდვა ძირს გამოუთხრის ისრაელის ხარისხობრივ სამხედრო უპირატესობას რეგიონში, რომლის შენარჩუნების ვალდებულებაც აშშ-ის კანონმდებლობას აქვს აღებული.
არსებული ინფორმაციით, ამ გარიგების წინააღმდეგია საბერძნეთიც.