საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბელგრადში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მონაწილეობს. სერბეთისა და უკრაინის ინიციატივით ორგანიზებული ფორმატის მიზნად, კანდიდატ ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავება, პოზიციების კოორდინაცია და ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერა სახელდება.
რამდენიმე წუთში, შალვა პაპუაშვილი კოლეგებს სიტყვით მიმართავს, სამუშაო სესიების დასრულების შემდეგ კი, მხარეები ერთობლივ განცხადებას მიიღებენ.
უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის თქმით, კონფერენციაში მონაწილე თითოეული ქვეყნის წარმომადგენელმა ძალიან კარგად იცით რუსეთის ნამდვილი სახე და ფასი.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს — პარლამენტების თავმჯდომარეებსა და პარლამენტების წარმომადგენლებს — უკრაინისადმი თქვენი თანმიმდევრული და საიმედო მხარდაჭერისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლაში, ასევე იმ მრავალმხრივი დახმარებისთვის, რომელსაც გვიწევთ. თითოეულმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცით რუსეთის ნამდვილი სახე და ფასი. ეს კარგად იცის საქართველომ. ეს კარგად იციან ბალკანეთის ქვეყნებმა. საბჭოთა კავშირიც და რუსეთიც მოქმედებდნენ და დღესაც მოქმედებენ პრინციპით - "დაყავი და იბატონე".
რუსეთი ყოველდღიურად, ცინიკურად აგრძელებს უკრაინის განადგურებას და კიდევ უფრო გააძლიერა სარაკეტო თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე. მოგმართავთ თხოვნით განაგრძეთ უკრაინის პოლიტიკური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა", - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა.