07 ივლისი 2026,   15:10
ვრცლად
ევროპის ომბუდსმენმა თავშესაფრის სააგენტო საბერძნეთში დაშვებული დარღვევების გამო გააკრიტიკა

ევროპის ომბუდსმენის დასკვნით, ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) საბერძნეთში თავშესაფრის მაძიებლებთან მუშაობისას დარღვევები აქვს - ინფორმაციას EUobserver ავრცელებს.

უწყების მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ დაადასტურა, რომ სააგენტოს თანამშრომლები ხშირად ვერ ახდენენ ადამიანებით ვაჭრობისა და მიგრანტების უკან გაბრუნების შემთხვევების იდენტიფიცირებას.

კვლევის თანახმად, პრობლემა, სავარაუდოდ, პერსონალის არასაკმარისი კვალიფიკაციით არის განპირობებული. გარდა ამისა, სააგენტოს არ გააჩნია მექანიზმი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრების დროს დაშვებული შეცდომების გასაჩივრების საშუალებას მისცემდა. ევროპის ომბუდსმენმა აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ოთხი რეკომენდაციით EUAA-ს უკვე მიმართა.

საკითხი აქტუალური 2022 წლის ნოემბერში გახდა, როდესაც კუნძულ სამოსზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უწყების მუშაობის მეთოდები გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლები არასათანადოდ აფასებენ თავშესაფრის მაძიებლების განაცხადებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა ტრავმულ გამოცდილებას.

უფლებადამცველები ასევე მიუთითებენ, რომ სააგენტო არ რეაგირებს საბერძნეთის სანაპირო დაცვის მიერ მიგრანტების იძულებით უკან გაბრუნების ფაქტებზე, რაც ევროკავშირის სტანდარტების დარღვევად ფასდება.

საჩივარი ასევე "სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ რეაგირებს და იძიებს EUAA საკუთარი თანამშრომლების ან იმ ეროვნული ორგანოების მიერ ჩადენილ ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, სადაც სააგენტო ოპერაციებს ახორციელებს", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის 2024 წლის კვლევის თანახმად, ლტოლვილთა 7.3%-ს ადამიანებით ვაჭრობის გამოცდილება ჰქონდა, ხოლო უფლებადამცველი ჯგუფების მონაცემებით, მხოლოდ 2025 წელს მიგრანტების უკან გაბრუნების სულ მცირე 80 865 შემთხვევა დაფიქსირდა.

მას შემდეგ, რაც EUAA-მ არასამთავრობოების მოთხოვნებზე რეაგირება არ მოახდინა, ორგანიზაციებმა 2024 წელს საკითხი ევროპის ომბუდსმენთან გაასაჩივრეს.

ევროპის ომბუდსმენმა, ტერეზა ანჟინიომ, სააგენტოს მუშაობის პროცედურების შესწავლის შემდეგ გასცა რეკომენდაცია, რომ EUAA-ს თანამშრომლებმა რეგულარულად გაიარონ ტრენინგები მოწყვლადი ჯგუფებისა და ადამიანებით ვაჭრობის საკითხებში.

ომბუდსმენის მოთხოვნით, უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებს საშუალებას მისცემს, გასაუბრების დროს დაშვებული შეცდომები შეატყობინონ, რასაც სააგენტოს მხრიდან შესაბამისი შეფასება მოჰყვება.

გარდა ამისა, ომბუდსმენმა მოითხოვა, რომ მოწყვლადობის (მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემებისა და ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებული გართულებების) გამოვლენის შემთხვევაში, მსხვერპლებს გაეწიოთ შემდგომი დახმარება.

"EUAA-მ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების დაცვა თავისი საქმიანობის განმავლობაში, მათ შორის იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის მხოლოდ მხარდამჭერ როლს ასრულებს", - წერს ევროპის ომბუდსმენი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები