ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, რუსული მერქანი ევროპულ ბაზარზე კვლავ ხვდება.
როგორც EUobserver-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ირწმუნება, რუსი მომწოდებლები სანქცირებულ საქონელ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტად "ნიღბავენ".
როგორც EUobserver-ი „Deník N“-ზე დაყრდნობით წერს, ჩეხეთის ხელისუფლება უკვე ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ფართო მასშტაბით შედის რუსული წარმოშობის მერქანი, კერძოდ, ციმბირული ლარიქსი.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ხე-ტყის იმპორტი სრულად აკრძალა, რადგან მისი გაყიდვით მიღებული შემოსავლები პირდაპირ რუსეთს აფინანსებს.
როგორც გამოცემა წერს, მანქანა-დანადგარებისგან განსხვავებით, ხე-ტყის რეალური წარმოშობის დადგენა ვიზუალურად რთულია. რუსი მოვაჭრეები აქტიურად ცდილობენ მარშრუტების შეცვლას ისე, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს ტვირთის დაბლოკვა.
ერთ-ერთმა მსხვილმა ჩეხმა მოვაჭრემ, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ რუსი მომწოდებლები მათ პირდაპირ სთავაზობენ დოკუმენტების გაყალბებას. მომწოდებლები ირწმუნებიან, რომ ხე-ტყე ჩინეთშია მოპოვებული, სადაც მათ, სპეციალურად ამ მიზნით, კომპანიებიც კი აქვთ დარეგისტრირებული.
ჩეხეთის სტატისტიკური სამსახურის მონაცემები მოცემულ სქემას ადასტურებს.
თუ ომამდე რუსეთიდან ჩეხეთში ყოველწლიურად 22 000 ტონა მერქანი შედიოდა, ომის დაწყების შემდეგ ეს მაჩვენებელი ნულამდე დავიდა. თუმცა, პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა მერქნის იმპორტი ჩინეთიდან, თურქეთიდან და სერბეთიდან.
ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ თურქეთი და სერბეთი ის ქვეყნებია, სადაც ლარიქსი არ ხარობს. შესაბამისად, აღნიშნული სახელმწიფოები, სავარაუდოდ, მხოლოდ სატრანზიტო პუნქტებად გამოიყენება, რათა რუსულმა მერქანმა ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლოს.
ამჟამად ჩეხეთის შესაბამისი უწყებები აღნიშნულ საქმეებზე გამოძიებას აწარმოებენ.