"ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყნის ძალიან ბნელი წარსულია, რომელიც მომავლად ვერასდროს ვეღარ იქცევა," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, კარგია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ძალაუფლება არ აქვს.
"ეს ადამიანები ახლა როგორც ექცევიან ერთმანეთს უღირსად და როგორც უპირისპირდებიან, ზუსტად ასე უნდოდათ რომ ჩვენს ქვეყანას მოჰქცეოდნენ. მაგრამ ძალიან კარგი, რომ მათ არ აქვთ ამის ძალაუფლება. ისინი ჩვენს ქვეყანას ასე ცუდად ვერასდროს ვეღარ მოექცევიან, ამიტომ დარჩათ ერთმანეთი და როგორც უნდათ ერთმანეთს ისე მოექცნენ. რა თქმა უნდა, სხვას არც ჩვენი საზოგადოება და არც ჩვენ არ ველოდებით," - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა - სააკაშვილის ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციური ალიანსის ლიდერად თამარ ჩერგოლეიშვილს მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის ირგვლივაც გარემო ტოქსიკურია. ჟორჟოლიანის აზრით, პატიმარი პრეზიდენტი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და პრემიერობის კანდიდატიც უნდა იყოს, თავად კი, საკუთარ როლს სააკაშვილსა და საზოგადოებას შორის შუამავლად ხედავს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ყველა დეტალი, მათ შორის, ვინ გახდება პარტიის ლიდერი მოახლოებულ ყრილობაზე გადაწყდება.