25 ივნისი 2026,   18:26
ვრცლად
ბოლო წლებში, უამრავი ქარტეხილი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და არცერთი წამით არცერთი საჯარო სერვისი არ გაჩერებულა - საჯარო მოხელეებმა გამოავლინეს პროფესიონალიზმი - ლევან ჟორჟოოლიანი

ბიუროკრატიის ხარისხით, საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა. ევროპის საუკეთესო ოცეულში 17-ე პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს. ორ კვლევაზე დაყრდნობით, "ჩენდლერის ინსტიტუტი" "კარგი მთავრობის" 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს. გამოკითხვაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ასევე ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს.

რეიტინგის შედეგებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და ხაზი საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმს გაუსვა.

"ჩენდლერის ინსტიტუტის" აღნიშნული კვლევა ადასტურებს ერთ ფაქტს, რომ საქართველოში არიან პროფესიონალი საჯარო მოხელეები, ამას ადასტურებს თუნდაც გაეროს სერვისების საჯარო ფორუმი, რომელიც დღეს იხურება და რომელიც ძალიან წარმატებით ჩატარდა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში უამრავი ქარტეხილი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და საჯარო მოხელეებზე უნდა ითქვას, რომ არცერთი წამით არცერთი საჯარო სერვისი არ გაჩერებულა - მათ გამოავლინეს პროფესიონალიზმი და ჩვენც, რასაკვირველია, შესაბამისად, ხელს შევუწყობთ საჯარო მოსამსახურეებს, ადამიანებს, რომლებიც როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე ემსახურებიან ამ ქვეყანას, რომ კიდევ უფრო მეტი სარგებელი ჰქონდეთ და უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი," - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

დღის ამბები