25 ივნისი 2026,   22:35
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო ძალისხმევით, ხედვით და სტრატეგიით უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანაში მუდმივად იზრდებოდეს ტვირთნაკადი, საქართველომ განაგრძოს, იყოს დასაყრდენი პარტნიორი, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, ბათუმში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი იმ გეგმებს და სტრატეგიას შეეხო, რომელიც საქართველოს მთავრობას სატრანსპორტო და ლოგისტიკური დარგის შემდგომი განვითარების მიმართულებით აქვს.

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორთან დიალოგს და კომუნიკაციას, ამდენად, ეკონომიკის სამინისტრო ხშირად აორგანიზებს ასეთი ფორმის შეხვედრებს. ვისაუბრეთ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რკინიგზის მოდერნიზაციასა და, ფაქტობრივად, იმ ისტორიულ პროექტზე, რომელსაც საქართველოს რკინიგზაში ვახორციელებთ, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურაზე, სახმელეთო ტრანსპორტისა და საავიაციო ტრანსპორტის მიმართულებების განვითარებაზე“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მხარეებმა ისაუბრეს როგორც სახელწიფოსთვის, ისე კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენი საერთო ძალისხმევით, ხედვით და საერთო სტრატეგიით უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანაში მუდმივად იზრდებოდეს ტვირთნაკადი, საქართველომ განაგრძოს, იყოს დასაყრდენი პარტნიორი, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში. ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიზრდება ინვესტიციები ტრანსპორტის სექტორში. ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ საკვანძო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე გავამახვილეთ ყურადღება,  რომ მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, რათა გეგმის მიხედვით, 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი გემი მივიღოთ“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

კერძო სექტორთან შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

დღის ამბები