მმართველი პარტია ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებს აკრიტიკებს და ბრიუსელს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი შინაარსის დოკუმენტები და დეზინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის მიმართ ქართული საზოგადოების განწყობებს აზიანებს და ცვლის.
საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის მთავარი წინაპირობა სწორედ სამართლიანი მიდგომების დაბრუნებაა.
"ფაქტობრივად, ერთი და იგივე რეზოლუციებს ვუყურებთ ამდენი ხნის განმავლობაში, გადმოკოპირებული ტექსტი. ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი ერთის მხრივ, რომ ჯერჯერობით გრძელდება ეს უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ვინაიდან ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი წინაპირობა არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსადმი. ძალიან ცუდია, როდესაც ამდენ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის განწყობები, სამწუხაროდ, შეცვლილია ევროკავშირის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათი "დამსახურებაა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.