ყრილობამდე ორი კვირით ადრე, "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა კრიზისი და დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემთხვევაში, ნანუკა ჟორჟოლიანმა ოპოზიციური კოალიციის დატოვება ღიად დააანონსა, რასაც პარტიაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.
"ნაციონალების" ნაწილი პრიორიტეტად პარტიაში მართვის სისტემის ცვლილებას ასახელებს.
ოპოზიციურ ფლანგზე არსებული დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ ოპოზიცია თვითგანადგურების რეჟიმშია.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ისინი აგენტურული ჯგუფები არიან, რომლებიც გარე დაკვეთით მოქმედებენ.
"მისასალმებელია ქალბატონ ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა, რომლითაც კვლავ თავის ახალ ამბიციებს აცხადებს პოლიტიკაში.
არათუ ის არ იციან, რა ეკონომიკური, პოლიტიკური საზრუნავი აქვს ხალხს, რა შიშები, ოცნებები, რაზე ფიქრობენ, არამედ ელემენტარული საბაზისო საკითხი არ იციან. ახლა აღმოაჩინეს, რომ ქართულ სუფრაზე პირველ სადღეგრძელოდ უფლის სადიდებელი ითქმის. ასე რომ, მადლობა მას ამისთვის. ფაქტობრივად, მთავარი სათქმელი უკვე თქვა ჩვენი საზოგადოებისთვის და საბოლოოდ დასვა ამ აგენტურული პოლიტიკური ჯგუფების დიაგნოზი.
საქმე არ გვაქვს ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც ვინმეს საერთოდ წარმოადგენენ. ესენი არიან აგენტურული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ გარე დაკვეთით. ერთმანეთში კამათი მოსდით არა იმაზე, როგორ მოაწონონ თავი ქართველ ხალხს, არამედ იმაზე, ვინ და როგორ მოაწონებს თავს გარე ძალებს", - განაცხადა შალვა პაპუაშილმა.