24 ივნისი 2026,   19:18
ვრცლად
გიორგი გახარიას ადვოკატები ბრძანდებით, მე მაშინ მოსამართლე უნდა ვიყო, ჩაქუჩი კი მაქვს და პარლამენტის დარბაზში გამოვიტანოთ განაჩენები - შალვა პაპუაშვილი პარტია "საქართველოსთვის" წევრებს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს მოუსმინეს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია "საქართველოსთვის" წარმომადგენლებს მიმართა და განმარტა, თუ რატომ არის აკრძალული პარლამენტის რეგლამენტით კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შინაარსობრივი განხილვა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თუკი პარლამენტი საქმეების შინაარსობრივ განხილვას დაიწყებს, მას მოსამართლის როლის მორგება მოუწევს.

პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნული განმარტება მოჰყვა ე.წ. ჩორჩანასა და 20 ივნისის სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ფრაქცია "საქართველოსთვის" წარმომადგენლების კითხვებს.

"მე მგონი, ამ მომენტმაც კარგად გვაჩვენა, რატომ არის ეს შეზღუდვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომ არ იყოს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების განხილვა. რა თქმა უნდა, პროკურორი ისაუბრებს ბრალდების შინაარსზე, თქვენ, ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი გახარიას ადვოკატებად გამოდიხართ, კითხვა იმიტომაც დასვით. სხვა შემთხვევაში, გამომსარჩლებელი შეიძლება არ ჰყავდეს ბრალდებულ პირს დარბაზში. მე მაშინ მოსამართლე უნდა ვიყო, ჩაქუჩი კი მაქვს, მაშინ მოსამართლის როლი უნდა ვითამაშო და გადავწყვიტოთ პარლამენტის დარბაზში და გამოვიტანოთ განაჩენები. ამიტომ არის არასწორი სისხლის სამართლის საქმეების შინაარსზე საუბარი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში გენერალური პროკურორის მოსმენა დასრულდა. გიორგი გვარაკიძემ დეპუტატებს უწყების საქმიანობის ვრცელი ანგარიში გააცნო. გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, არსებული გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას. ნარკოპოლიტიკას, ტერორიზმსა და პირადი ცხოვრების ხელყოფას. დარბაზში დაისვა კითხვები. გიორგი გვარაკიძის მოსმენა კი ფრაქციების შემაჯამებელი გამოსვლებით დასრულდა.

დღის ამბები