საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცეს. ღონისძიებაზე აქცენტი თანამშრომლების პროფესიონალიზმზე გაკეთდა.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
"საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენს უწყებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. დაარსების დღიდან, სამსახურმა იკისრა მისია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს, ინსტიტუციურ სტაბილურობას და სახელმწიფოს უსაფრთხო განვითარებას. თქვენი პროფესია მუდმივ რისკებთან არის დაკავშირებული. დაკავშირებულია უდიდეს პასუხისმგებლობასთან და მოითხოვს უდიდეს დისციპლინას. თქვენ ამ მოწოდებას უმაღლესი პროფესიონალიზმით და ერთგულებით პასუხობთ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მინდა გადაგიხადოთ. ამ საპასუხისმგებლო გაზე, სამწუხაროდ, თქვენმა არაერთმა თანამებრძოლმა, ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო.
მე პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული, თქვენი გმირი კოლეგების და მეგობრების ნათელ ხსოვნას. მათ სიმამაცე ქვეყნისთვის თავდადების უკვდავ მაგალითებად დარჩება.
დღეს ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ, რომ უწყების ხელმძღვანელობის სწორი ხედვის, თითოეული ოფიცრის მაღალი კვალიფიკაციის და ჩვენი მთავრობის ურყევი მხარდაჭერის შედეგად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მობილური და მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომავალშიც, საქართველოს მთავრობა სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემდგომ გაძლიერებას და სამსახურის წინსვლას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.