24 ივნისი 2026,   02:10
ვრცლად
ირანის საგარეო უწყება: სარაკეტო პროგრამა მოლაპარაკების საგანი არასდროს გახდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ, თეირანში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე და თავდაცვის პოლიტიკაზე ისაუბრა.

ბაღაის განცხადებით, ამ დრომდე დღის წესრიგში არ დგას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობა იმ ობიექტების შესამოწმებლად, რომლებიც სამხედრო იერიშების დროს დაზიანდა. მისი თქმით, თეირანს არანაირი სამუშაო გეგმა ან შესაბამისი პროტოკოლი ამ მიმართულებით არ გააჩნია.

ირანის საგარეო უწყება ასევე სრულად გამორიცხავს ქვეყნის თავდაცვითი და სარაკეტო შესაძლებლობების შეზღუდვის საკითხს. სპიკერმა აღნიშნა, რომ თემა არასდროს ყოფილა მიმდინარე დისკუსიების ნაწილი და ის არც სამომავლოდ გახდება რომელიმე საერთაშორისო აქტორთან მოლაპარაკებების საგანი.

რაც შეეხება დასავლეთთან სამომავლო კომუნიკაციას, თეირანში განმარტავენ, რომ ახალი დიალოგის დაწყება და მისი შემდგომი განვითარება პირდაპირ იქნება დამოკიდებული ურთიერთგაგების მემორანდუმის კონკრეტული პუნქტების იმპლემენტაციაზე. ბაღაის თქმით, ეს პუნქტები დისკუსიის დაწყების აუცილებელი წინაპირობაა, რომელთა ნაწილიც უკვე რეალიზებულია, ნაწილი კი შესრულების პროცესშია.

''დაზიანებული ბირთვული ობიექტების ინსპექტირების გეგმა- ამ მიმართულებით, არსებითად, არანაირი პროცედურა ან მექანიზმი არ არსებობს. ირანის თავდაცვითი და სარაკეტო შესაძლებლობები კატეგორიულად არ ყოფილა ჩვენი მოლაპარაკებების ნაწილი და არც არასდროს გახდება რომელიმე მხარესთან მოლაპარაკების საგანი. ამ ორ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებულია ურთიერთგაგების მემორანდუმის კონკრეტული პუნქტების შესრულებაზე. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებების დაწყებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობა შესრულდეს. ამ პუნქტების ნაწილი უკვე განხორციელებულია, ხოლო ნაწილი ჯერ კიდევ შესრულების პროცესშია.“- აცხადებს ესმაილ ბაღაი.





ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები