19 ივნისი 2026,   19:48
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება - "გასტრონომიის ეროვნული სააგენტო" შეიქმნა

ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების, პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ცნობადობის გაძლიერების, ასევე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა. შესაბამისი მთავრობის დადგენილება 2026 წლის 20 ივლისიდან ამოქმედდება.

სააგენტო უზრუნველყოფს გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევასა და პოპულარიზაციას, ასევე, მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას, სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციას და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ გასტრონომია ქვეყნის კულტურული იდენტობის და სოციალური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. იგი აერთიანებს ტრადიციებს, ცოდნას და უნიკალურ გასტრონომიულ პრაქტიკებს, რაც ქმნის ეროვნულ თვითმყოფადობას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ავთენტური გასტრონომიული პროდუქტების მიმართ გაზრდილი საერთაშორისო და ადგილობრივი მომხმარებლების ინტერესები კი, საქართველოსთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილია ისეთი გამორჩეული სასურსათო პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიები, როგორიცაა დამბალხაჭო, ქვევრის ღვინო, მესხური ტენილი ყველი, ჩურჩხელა და სხვა, რომლებიც წარმოადგენენ ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან სიმდიდრეს. ამასთანავე, საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ, სადაც ღვინის წარმოების უწყვეტი ტრადიცია დაახლოებით 8 000 წელს ითვლის, რაც ქვეყნისთვის განსაკუთრებულ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს.

შესაბამისად, სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონული განვითარების პროცესს, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციასა და ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტების კომერციალიზაციას, რაც გაზრდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებს და ხელს შეუწყობს სოფლის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას.

სააგენტოს საქმიანობა ასევე დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, განსაკუთრებით გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაზე. გაძლიერდება გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და გამოყენების პრაქტიკა, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის, ავთენტურობისა და რეპუტაციის დაცვას და მომხმარებლის ნდობის ზრდას.

დღის ამბები