"საქართველოს რკინიგზაში" გაშიფრული მრავალმილიონიანი კორუფციული სქემის საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
ამის შემდეგ, სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს - სუს-ი პატიმრობას ითხოვს.
გამოძიების მიხედვით, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა და ბიზნესმენებმა ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს და გაყალბებული დოკუმენტებით 22 000 ტონაზე მეტ შავ ლითონს დაეუფლნენ. ბრალდებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაცვის მხარის ადვოკატის, დიანა გვიშიანის განცხადებით, ბრალდებული აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმესთან კავშირი არ აქვს.
"ჩემი ინფორმაციით, მოცემულ საქმეზე გამოძიება 2021 წლის შემდეგ მიმდინარეობს. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი არაერთხელ იყო გამოკითხული. მაშინ, როდესაც ის მოვინახულე იზოლატორში, განმიმარტა, რომ მოცემულ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. იგი ნამდვილად არის შპს-ს დირექტორი, თუმცა იგი ეწეოდა იმ საქმიანობას, რაც მის სფეროში შედიოდა", - განაცხადა დიანა გვიშიანმა.