15 ივნისი 2026,   16:57
ვრცლად
ქარელში, ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე, ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობა შეჩერებულია

ქარელში, ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე, ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობა შეჩერებულია. გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცოტა ხნის წინ მიიღო. სააგენტომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილზე მონიტორინგის ჯგუფის ჩავიდა და ვითარებას გაეცნო.

სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობს და მისი შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. 

"გასულ წელს დაფიქსირდა აღნიშნული უნებართვო სამუშაოები, დღეს უკვე დაფიქსირდა კიდევ ერთხელ არსებული სიტუაციით რა ხდება ობიექტზე. ყველა საჭირო რეაგირება მოჰყვება და შესაბამისად, სააგენტო წარმოადგენს შესაბამის ინფორმაციას. ნებართვა ამაზე ოფიციალურად არ არსებობდა, არსებობდა რესტავრაციის პროექტი. შეთანხმებული პროექტი სააგენტოსთან ცალსახად არ ყოფილა და განხორციელებული სამუშაოები შარშანაც, ახლაც უნებართვოდ არის ჩატარებული. სამუშაოები აუცილებლად გაჩერებული იქნება იმ მომენტამდე, სანამ რაიმე ღონისძიებისთვის არ დაიგეგმება კონკრეტული ნაბიჯები. დღეს კულტურული ფენები ადგილზე გვხვდება დასაწყობებული ქვების სახით, რომელიც ძველი ნაეკლესიარიდან არის შემორჩენილი," - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი,  გიორგი სანოძე. 

მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება სააგენტოს თანამშრომლებმა ადგილზე მყოფ სასულიერო პირს გააცნეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თავად მეუფე იობის პოზიცია. სწორედ მისი კურთხევით დაიწყო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. 

"ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის, მე მყავს ჩემი ხელმძღვანელი, ჩემი სულიერი მოძღვარი, ეპარქიის მმართველი. ჩავაყენებ საქმის კურსში, ყველაფერს გადავცემ და გადაწყვეტილებას მეუფე იობი მიიღებს. ისინიც მოწადინებული არიან, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ჩვენც და რაღაც იქნება," - ამბობს სასულიერო პირი.

ცნობისთვის, უკანონო მშენებლობის ფაქტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასულ წელს გამოავლინა. სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელ რუის-ურბნისის ეპარქიას.

ადგილზე მონიტორინგის სამსახური ვითარებას ხელახლა აფასებს, რის შემდეგაც კანონით განსაზღვრული ზომები გატარდება. სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და არ დაუშვან ისტორიული ძეგლების დაზიანება.

 

 

 

დღის ამბები