14 ივნისი 2026,   21:37
ვრცლად
ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა - საქართველო და ჩინეთი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადავიდნენ

მსოფლიოში, სადაც გავლენა საზღვრებით აღარ იზომება და პარტნიორობა გეოგრაფიას სულ უფრო ხშირად ამარცხებს, საქართველო და ჩინეთი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადავიდნენ. ქვეყნებს შორის ათასობით კილომეტრია, თუმცა ინტერესები ბევრად ახლოს აღმოჩნდა, ვიდრე რუკაზე ჩანს.

როდესაც გლობალური წესრიგი სწრაფად იცვლება და სახელმწიფოები ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საყრდენებს ეძებენ, თბილისისა და პეკინის თანამშრომლობა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების საკითხი აღარ არის. ეს არის გლობალური პროცესების ნაწილი, სადაც საქართველო ცდილობს თავისი სტრატეგიული მდებარეობა ეკონომიკურ შესაძლებლობად აქციოს.

3 წლის განმავლობაში 45 %-ით გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, პირდაპირი რეისები ჩინეთის მიმართულებით, პროგრესირებადი ეკონომიკური კავშირი, 3-ჯერ გაზრდილი ექსპორტი, საქართველოს მთავარი სტუმრის სტატუსი უმსხვილეს ჩინურ ფორუმებსა და გამოფენებზე, ტრანსკასპიური სატრანზიტო მარშრუტის განვითარება - პრემიერ-მინისტრმა, ქართულ-ჩინური სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად მიღებული ეკონომიკური ბენეფიტები შეაფასა. პარტნიორობის ღრმა და ყოვლისმომცველ ეტაპზე გადასვლა კი, მთავრობის მეთაურის თქმით, ორ ქვეყანას ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალ პერსპექტივას გაუხსნის, რაც საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი, შუადერეფნის კარიბჭის როლს მეტად გაზრდის.

საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიულ პარტნიორობას საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს. დოკუმენტი არა მხოლოდ თანამშრომლობის შედეგებს აჯამებს, არამედ სამომავლო ხედვასაც ასახავს - ხედვას, რომელშიც მანძილი აღარ არის ბარიერი და საერთო ინტერესები ქვეყნებს ერთმანეთთან მეტად აახლოებს.

ქვეყანასთან, რომელსაც მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს, ყოვლისმომცველი პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის - ეკონომიკის მინისტრი კონკრეტულ მოლოდინებზე, ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორების თანამშრომლობაზე საუბრობს და თბილისიდან შანხაიში პირდაპირი ფრენების დაწყებას აანონსებს.

თანამშრომლობა ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და აიტი ინჟინერიის სფეროში - საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით ქართულ-ჩინური ურთიერთობების პრიორიტეტია. ყოვლისმომცველი პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება სასწავლო და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების ზრდაც.

გრძელვადიან და მრავალშრიან თანამშრომლობას მოიცავს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34-ე და სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებიდან 3 წლისთავზე გაფორმდა.

საქართველოსა და ჩინეთის პრეზიდენტების მისალოც წერილებში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა მრავალსექტორულ თანამშრომლობას გულისხმობს და ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობის, კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორის კავშირების სფეროებში ხელშესახებ შედეგებს ქმნის.

ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ საქართველოს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ასპარეზზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭა - პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ხელშესახებია ის შედეგები, რომლებიც საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას მოაქვს.

თანასწორი და თანაბარუფლებიანი პარტნიორობა - ასე აფასებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს ირაკლი კობახიძე, მთავრობის მეთაურის განცხადებით, მთავარი ის გეოპოლიტიკური პროექტია, სადაც საქართველო ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთების ლოჯისტიკურ ჰაბად განიხილება.

საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 34 წლის წინ დამყარდა. 2023 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს. 2026 წლის 9 ივნისიდან კი საქართველო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავიდა. მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზეა. საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობის დინამიკა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე პოლიტიკას ყოველთვის მანძილი და გეოგრაფია არ განსაზღვრავს.

დღის ამბები