14 ივნისი 2026,   19:21
ვრცლად
"დანაშაულზე იყო რეაგირება და ეს ყველაფერი განზრახ იყო დამალული ამ ტელევიზიისა და გადაცემის მხრიდან" - რატი იონათამიშვილი ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებზე

"საბოლოო ჯამში, ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და საზოგადოებამ კარგად გაიგო, რომ ამ ადამიანებს სინამდვილეში არავის ბედი არ ანაღვლებთ, არ აინტერესებთ" - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებს.

რატი იონათამიშვილის თქმით, დანაშაულზე იყო რეაგირება და ეს განზრახ იყო დამალული ტელეკომპანიის მიერ.

"დანაშაული ხდება ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერი სამართლიანი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ დანაშაულზე ჰქონდეს რეაგირება. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ, რომ დანაშაულზე იყო რეაგირება და ეს ყველაფერი განზრახ იყო დამალული ამ ტელევიზიისა და გადაცემის მხრიდან, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი კონკრეტული მიზანი ჰქონდა, მათ განგებ დამალეს სინამდვილე, რომ ჩვენი საზოგადოება მოეტყუებინათ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და საზოგადოებამ კარგად გაიგო, რომ ამ ადამიანებს სინამდვილეში არავის ბედი არ ანაღვლებთ, არ აინტერესებთ. მხოლოდ და მხოლოდ ერთი სურვილი აქვთ, რომ რამენაირად, დეზინფორმაციით და ტყუილებით გავიდნენ ფონს," - აცხადებს რატი იონათამიშვილი. 

ირკვევა, რომ ჟურნალისტები მასალის გავრცელებამდე ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას, რომ ბრალდებულები უკვე დაკავებულები არიან, თუმცა ფაქტი შეგნებულად დამალეს. საქმე ეხება 2022 წელს ჩადენილ დანაშაულს, რომელშიც იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი ფიგურირებს და რომელზეც გამოძიება მიმდინარე წლის თებერვალში, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო. ირკვევა ისიც, რომ "ნოდარ მელაძის შაბათს" პროკურატურამ აღნიშნული ინფორმაცია სრულად მიაწოდა, თუმცა ეთერში ის მაინც არ გაჟღერდა.

ითქვა ისიც, რომ ტელეკომპანიამ ფაქტი ინფორმაციის წინასწარ ქონის შესახებ შეგნებულად დამალა და ანონსში არ ასახა რეალობა, რომ ბრალდებულები უკვე დაკავებულები არიან. ეს იმ ფონზე, როდესაც თებერვალში თავად "ტვ პირველსაც" ჰქონდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძალადობაში მხილებული სამივე პირი ბრალდებულების სახით, შესაბამისი მუხლით დააკავეს.

 

დღის ამბები