საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც სსფ-ის ტექნიკური დახმარების (TA) რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა - ამის შესახებ სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ IV მუხლის კონსულტაციების დასკვნით ანგარიშშია ნათქვამი.
სსფ-ის შეფასებით, სებ-ის მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს შორის უნდა აღინიშნოს აღმასრულებელ წევრებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ჩანაცვლების მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება.
"2022 წლის უსაფრთხოების შეფასების (Safeguards Assessment) რეკომენდაციების უმეტესობა უკვე განხორციელებულია, მათ შორის ახლახან გაუქმდა მთავრობისთვის დისკრეციული ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა", - ნათქვამია სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ანგარიშში.
ამასთან, სსფ-ი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო. ფონდის შეფასებით, კოლეგიური გადაწყვეტილების მიღების მოდელზე გადასვლა გადაწყვეტილებების ხარისხს გააუმჯობესებს კოლექტიური განხილვის გზით.