08 ივნისი 2026,   23:36
ვრცლად
პრემიერი: ობიექტურად, ეკონომიკური კუთხით, საქართველო ბევრად უფრო სასურველი პარტნიორია ევროკავშირისთვის, ვიდრე მოლდოვა ან უკრაინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების პროცესში ეკონომიკური ფაქტორების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე საუბრობს.

"რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დებატები" საუბრისას, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირისთვის წევრი ქვეყნის ფინანსური მდგრადობა პრიორიტეტულია, რათა ახალმა წევრმა ორგანიზაციას დამატებითი ფინანსური ტვირთი არ შეუქმნას.

"რატომ არის ეკონომიკა მნიშვნელოვანი - ეკონომიკაც არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ევროკავშირისთვის, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე. ძალიან მარტივი ლოგიკა აქვს ამას - ევროკავშირსაც არ უნდა ზედმეტ ტვირთად დააწვეს კონკრეტული ქვეყანა. დღეს, თეორიულად რომ გახდეს უკრაინა ევროკავშირის წევრი, აღმოსავლეთ ევროპის ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დღეს არის დოტაციაზე, არსებული ფორმულით დახმარება გაუნულდება, რადგან მთელი ეს თანხები უკრაინაში წავა. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ეკონომიკას ენიჭება განმსაზღვრელი მნიშვნელობა," - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა მოლდოვასთან შედარების კონტექსტში წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი სხვაობა დააფიქსირა.

"საქართველო აქაც მოწინავეა - შევადაროთ საქართველო მოლდოვას ეკონომიკური ზრდის კუთხით: საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და შარშან გახდა 38.1 მილიარდი დოლარი, ანუ, გაიზარდა 22.1 მილიარდით. მოლდოვას რაც შეეხება, 11.45 მილიარდი დოლარი იყო და გაიზარდა 20.1 მილიარდამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის, ამ 5 წლის განმავლობაში, გაიზარდა 8.6 მილიარდი დოლარით და ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3.5 მილიარდ დოლარზე მეტით. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას - დატვირთეს სესხებით, რომელიც მერე უნდა გაისტუმროს მოლდოვამ წლების შემდეგ. აქაც ვხედავთ, რომ საქართველო ობიექტურად, ეკონომიკური კუთხით, არის ბევრად უფრო სასურველი პარტნიორი ევროკავშირისთვის, ვიდრე არის მოლდოვა ან უკრაინა", - აცხადებს პრემიერი.

დღის ამბები