ფილიპინების სამხრეთ პროვინციაში, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრით გამოწვეული მეწყრის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების თქმით, რეგიონში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ინფორმაციას CBS NEWS-ი ავრცელებს.
სარანგანის პროვინციის კატასტროფების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, რენე პუნზალანმა მედიას განუცხადა, რომ მიწისძვრით გამოწვეული მეწყრის შედეგად, რომელმაც მთიან სოფელ გლანში სახლები დააზიანა, 13 ადგილობრივი დაიღუპა. მისი თქმით, კიდევ ოთხი სარანგანის მცხოვრები უცნობი მიზეზით არის დაღუპული.
ახალი ინფორმაციით, ფილიპინების არქიპელაგზე წელს მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე 32-მდე გაიზარდა.
მიწისძვრამ სამხრეთ ფილიპინებში პატარა შენობების ჩამონგრევა და მცირე ცუნამი გამოიწვია. ინდონეზიასა და პალაუში, ასევე სამხრეთ იაპონიაში, უფრო სუსტი ტალღები დაფიქსირდა.