07 ივნისი 2026,   23:08
ვრცლად
ცოდნის გზა ბარიერების გარეშე - ინკლუზიური განათლების ახალი ეტაპი

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესება იგეგმება. მეთოდოლოგიური გადაიარაღება, მასწავლებლის სტანდარტის შეცვლა, ბაღიდან სკოლაში გადასვლის ეტაპზე ბავშვების საჭიროებების შესწავლის მექანიზმი - ეს იმ სიახლეების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც განათლების სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებთან პირდაპირი დიალოგის რეჟიმში მუშაობს.

127-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთია, სადაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეები სრულად ადაპტირებულ გარემოში, სპეციალური პედაგოგების და ასისტენტების მხარდაჭერით სწავლობენ. რეფორმის მთავარი ამოცანაც სწორედ ესაა - ინკლუზიური განათლება ყველა საგანმანათლებლო სივრცეში, ბავშვის საჭიროებაზე მორგებული იყოს. 

სანამ ქალაქი იღვიძებს, ამ ქუჩაზე ხშირად ტასოს სიმღერა ისმის - სკოლისკენ მიმავალ გზაზე.

სკოლა მისთვის ზრუნვა და სიყვარულია. ასეა, სანამ ზარი დარეკავს. როცა საკუთარი თავის გჯერა, ბედნიერებას ვერაფერი ზღუდავს. ტასომ "კურიერი P.S."-ს თავისი ოცნებებიც გაუზიარა.

ერთ სივრცეში სხვადასხვა საჭიროების მქონე 68 ბავშვი სწავლობს. 127-ე საჯარო სკოლაში მათზე 6 სპეცპედაგოგი, ფსიქოლოგი და ასისტენტები ზრუნავენ.

რესურსოთახების მიღმაც ბევრი აქტივობაა. აქ კიდევ ერთი მოსწავლე - შოთიკო გავიცანით. ის ფაზლით საქართველოს აწყობს და ლექსსაც სამშობლოს უძღვნის.

გარემო, რომელიც 127-ე სკოლაში დაგვხვდა, განსაკუთრებით საიმედოა მშობლებისთვის - დედებისთვის, რომლებიც შვილების განვითარებაზე პედაგოგებთან ერთად ზრუნავენ.

ინკლუზიური განათლება და ახალი გამოწვევები - სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება.

ინკლუზიური განათლება მასწავლებლის სტანდარტის განუყოფელი ნაწილი გახდება. ეს რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამოცანაა, რომ განათლების სისტემის ყველა საფეხური სრულად ინკლუზიური იყოს. არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, უშუალოდ მშობლებისგან აგროვებს.

პროექტ "საჯარო დიალოგის" ფარგლებში, უწყების წარმომადგენლები სასკოლო საზოგადოებასაც ხვდებიან.

ინკლუზიური განათლების მიმართულებით კიდევ ბევრი სიახლე იგეგმება. მიზანი ერთია - სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებმა ცოდნის გზა ბარიერების გარეშე გაიარონ.

დღის ამბები