05 ივნისი 2026,   21:42
ვრცლად
თამთა დევდარიანი: პროექტი "განათლება მწვანე მომავლისთვის" განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან გარემოსდაცვითი ცნობიერება სწორედ ბავშვობის ასაკიდან იწყება. პედაგოგები არიან ის ადამიანები, რომლებიც მომავალ თაობას ასწავლიან ბუნების სიყვარულს

გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართული გარემოსდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროექტის "განათლება მწვანე მომავლისთვის" დასკვნით ღონისძიებას პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.

პროექტი "განათლება მწვანე მომავლისთვის" მიზნად ისახავს იმ სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მხარდაჭერასა და წახალისებას, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და "გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში" და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

როგორც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტმა მთელი საქართველოს მასშტაბით მოიცვა ათასობით აღმზრდელი და მასწავლებელი. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება უკვე რეალურად იქცა სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად.

"მოხარული ვართ, რომ წლევანდელ კონკურსში 150-მდე პედაგოგი ჩაერთო და წარმოადგინა მრავალფეროვანი, კრეატიული და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული ინიციატივები. თითოეული პროექტი გვახსენებს, რამდენად დიდი ძალა აქვს პედაგოგს შეცვალოს დამოკიდებულებები, გააღვიძოს ინტერესი და ბავშვში გააჩინოს პასუხისმგებლობა იმ სამყაროს მიმართ, რომელშიც ის იზრდება,“ განაცხადა თამთა დევდარიანმა.

მისივე შეფასებით, დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული თანამშრომლობის კუთხითაც. როდესაც პედაგოგები ერთმანეთს უზიარებენ წარმატებულ პრაქტიკას, იქმნება საფუძველი იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც ერთი კლასიდან, ერთი სკოლიდან, ერთი თემიდან იწყება და საბოლოოდ მთელ საზოგადოებას ცვლის.თამთა დევდარიანმა ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი გამარჯვებულ ათეულ ბაღის და ათეულ სკოლის პედაგოგს, გულითადად მიულოცა წარმატება და აღნიშნა, რომ მათი შრომა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია განათლებას შეცვალოს ხედვა, გააძლიეროს პასუხისმგებლობა და შექმნას უფრო მწვანე, ჯანსაღი და მდგრადი მომავალი საქართველოსთვის.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდნენ საუკეთესო პედაგოგები როგორც სკოლამდელი, ისე სასკოლო განათლების მიმართულებით. სკოლამდელი განათლების კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა რუსუდან ანასაშვილმა, სართიჭალის N2 საბავშვო ბაღის წარმომადგენელმა;

სასკოლო განათლების კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა ირმა ლაფაური, სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის პედაგოგი; გამარჯვებული პედაგოგების მიერ წარმოდგენილი პროექტები გამოირჩეოდა გარემოსდაცვითი განათლებისადმი ინოვაციური მიდგომებით, კრეატიულობითა და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული აქტივობებით, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების ღირებულებების დამკვიდრებას.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ასევე გაიმართა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს ეროვნული გეგმის (NAP) - პროექტის გახსნითი ღონისძიება და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება დედაენის ბაღში.

 

დღის ამბები