05 ივნისი 2026,   14:54
ვრცლად
4 ოქტომბერს, ხელისუფლების დამხობის საქმეზე, ბრალი კიდევ რვა პირმა აღიარა - ყველა მათგანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის საქმეზე ბრალდებულმა კიდევ რვა პირმა ბრალი აღიარა, ყველა მათგანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

ევა შაშიაშვილმა, ალექსანდრე გოგოლაძემ, გოჩა ყატაშვილმა, სულხან აბრალავამ, რამაზ ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გენადი კელიხაშვილმა, დავით ღურწკაიამ, 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული აღიარეს, უდავოდ გახადეს მტკიცებულები და სასამართლო სხდომაზე დააფიქსირეს პოზიცია, რომ თავს სრულად ცნობენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით.

საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მზად არის, ნებისმიერ პირს გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება, თუ ისინი ბრალს აღიარებენ და თავს დამნაშავედ ცნობენ.

"პროკურატურის პოზიცია ასეთია - ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მოგვმართავს განცხადებით, რომ მას გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ჩვენ მზად ვართ, რომ მასთან ვიმსჯელოთ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

რაც შეეხება დარჩენილ შვიდ პირს, მათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ არ აღიარებენ დანაშაულს და თავს არ ცნობენ დამნაშავედ, შესაბამისად, მათთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, თუმცა, თუ შეიცვლიან პოზიციას, თუ ნამდვილად აღიარებენ ბრალს, თავს ცნობენ დამნაშავედ იმ ორ ეპიზოდში, რაზეც ბრალი აქვთ წარდგენილი, ჩვენ მზად ვართ, რომ მათთანაც განვიხიოთ საპროცესო შეთანხმების საკითხები", - განაცხადა პროკურორმა.

კონსტანტინე კოკაიამ, დავით ჟღენტმა, დავით სტურუამ და ზაქრო ალბუთაშვილმა სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს და უარი თქვეს ბრალის აღიარებაზე.

რაც შეეხება გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს - მათ პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 7-მა პირმა აღიარა

დღის ამბები