80-მდე კომპანია, 300-ზე მეტი ვაკანსია და 2 000-მდე სამუშაო ადგილი - ბათუმში უკვე მეექვსედ, დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა. სამუშაოს მაძიებლები აჭარის რეგიონში არსებულ ვაკანსიებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ.
იურისტი, შეფ-მზარეული, მარკეტინგის სპეციალისტი, საკრედიტო ექსპერტი - ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიმართულებების, რომლებზეც ვაკანსიები კერძო სექტორთან ერთად, სახელმწიფო დაწესებულებებმაც წარუდგინა. ფორუმის ფარგლებში კომპანიები ეძებდა როგორც პროფესიონალ, ისე დამწყებ და გამოცდილების არ მქონე კადრებს.
"ნუ გადადებ შენს წარმატებას" - ამ გზავნილით და მრავალფეროვანი შეთავაზებით - ფორუმი მიზნად ისახავს ადგილობრივების კარიერული განვითარების ხელშეწყობას. ფართო არჩევანი იყო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალშიც - მათ შორის ბიზნესის, ტურიზმისა და ჯანდაცვის მიმართულებით.
ტრადიციად ქცეული ფორუმი ახალი ფორმატით - კომპანიები ერთ სივრცეში და ერთი მიზნით, მოიძიონ ახალი კადრები, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ გააერთიანა. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პოტენციურ დამსაქმებელს, ყოველგვარი ბარიერის გარეშე გასაუბრებოდნენ და გაეცნოთ მათთვის საკუთარი უნარები.
დასაქმების მასშტაბურ ფორუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. აჭარაში დასაქმების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა აქტივობები ყოველწლიურად იმართება.
ავტორი: ირაკლი კოშაძე;