28 ნოემბერი 2026,   01:35
ვრცლად
ინვესტიციებზე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებაზეც დაიწყო საუბარი და არ შეიძლება ეს დადებით ემოციებს არ იწვევდეს ჩვენში - თენგიზ შარმანაშვილი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე

თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოყვა ამერიკის საელჩოს განცხადებას, რომელმაც თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.

ტექსტში წერია, რომ დელეგაციამ ოპოზიციის ლიდერებს გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ კი აღნიშნეს, რომ დიპლომატებმა მთავრობას კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარეს.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის აშშ-სთან რეალური, სტრატეგიული პარტნიორობის ნაბიჯების გადასადგმელად.

"ახლა თვითონ ოპოზიციამაც დაიწყო ამაზე ლაპარაკი - შეცდომა ხომ არ დავუშვითო. ამას არ ვეუბნებით ამდენი ხანია, ეს შეცდომა მათ დაუშვეს იმთავითვე, როდესაც რევოლუციისკენ აიღეს გეზი და ამას ხელს უწყობდნენ. ეს შეცდომა დაშვებული იქნა არა აქ, არამედ იმ ხალხისგან, ვისგანაც ეს დაკვეთა მოდიოდა. ახლა ამის აღიარება უჭირთ. ის, რასაც მიუთითებს აშშ ჩვენს ოპოზიციას, ეს იმათთვისაც არის მიმართული, მათაც გაიგონ, რომ შეცდომა დააშვებინეს . ქართული მხარე მზად არის უკვე დიდი ხანია და ამბობს, რომ მზად ვართ რეალური, სტრატეგიული პარტნიორობის ნაბიჯების გადასადგმელად. უფრო სერიოზული ურთიერთობებისკენ წასვლისთვის ვართ მზად, ვიდრე იყო აქამდე. ინვესტიციებზეც დაიწყო საუბარი, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებაზეც დაიწყო საუბარი და არ შეიძლება ეს დადებით ემოციებს არ იწვევდეს ჩვენში", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები