ჩემპიონთა ლიგის თასი მეორედ, საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კი პირველად მოიპოვა - ხვიჩა კვარაცხელიას ისტორია გრძელდება.
ევროპული ტრიუმფი და ისტორიული სეზონი - ეს არის გზა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად აქცია.
ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქართველი ვარსკვლავი მთავარი ფიგურა იყო პარი სენჟერმენის წარმატებულ სეზონში, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ წერს ისტორიას - ისტორიას, რომელსაც საქართველო სიამაყით კითხულობს. 25 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის სეზონი 10 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით დაასრულა. განსაკუთრებული იყო მისი თამაში ნახევარფინალში ბაიერნის წინააღმდეგ, ხოლო ფინალში სწორედ მისმა აქტიურობამ და მოპოვებულმა პენალტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. საბოლოოდ, პარიზელებმა ფინალში არსენალი პენალტების სერიაში დაამარცხეს და ტიტული შეინარჩუნეს.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, კვარაცხელიამ და პსჟ-ს ფეხბურთელებმა წარმატება გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს. ზეიმი პარკ დე პრენსზე გაიმართა, სადაც გუნდს ათიათასობით ქომაგი დახვდა.
საზეიმო ღონისძიების დროს ქართული მუსიკაც გაჟღერდა, რასაც გულშემატკივრების და ფეხბურთელების განსაკუთრებული ემოციები მოჰყვა.
ავტორი: თიკო ლობჯანიძე