26 მაისი, დღე რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, სახელმწიფოდ ჩამოყალიბების, სუვერენიტეტის დაცვისა და ღირებულებების ერთგულების სიმბოლოა. ქვეყანამ ეროვნული დღესასწაული იზეიმა. სადღესასწაულო განწყობამ კი მთელი საქართველო მოიცვა.
თბილისი, თავისუფლების მოედანი, 600 რეკრუტი, ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს დებს და თავდაცვის ძალებს უერთდება. აღლუმსა და სამხედრო ფიცს, უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი იბარებს. ცერემონია თბილისსა და 12 ისტორიულ ადგილს აერთიანებს.
1 700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს - თავისუფლების მოედანზე წარმოთქმული სიტყვები თავისუფლებას ეძღვნება. ქვეყნის პრეზიდენტი იმ ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე საუბრობს, რომელიც ქართველმა ერმა ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით შეინარჩუნა.
გაერთიანებული საქართველო - პრემიერ-მინისტრი მთავარ ეროვნულ მიზანზე საუბრობს. მთავრობის მეთაური ყურადღებას 1 700 წლის წინ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ საქართველო დღეს ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენულია, როგორც არასდროს.
ქართველი ერის არჩევანი რომ თავისუფლებაზე გადის, ეს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ისმის. პარლამენტის თავმჯდომარე გლობალური გამოწვევის ფონზე, სუვერენული განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს.
პირველად 26 მაისს, ტრიბუნას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იკავებს. უწმინდესი და უნეტარესი გვახსენებს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენის დაცვისთვის.
საავიაციო, საარტილერიო, ტანკსაწინააღმდეგო და საინჟინრო სისტემები, "დელტას" მიერ წარმოებული "დიდგორის" სერიის მრავალფუნქციური ჯავშანმანქანები - ქართული არმიის არსენალში არსებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება თბილისსა და ქვეყნის 20 ქალაქშია გამოფენილი
კონცერტები, საბავშვო აქტივობები, სპორტული და სახელოვნებო სივრცეები, გამოფენები, ქართული პროდუქციის პრეზენტაციები - რწმენითა და სიყვარულით გაერთიანებული მოქალაქეების ხმა თბილისის ქუჩებში ისმის.
თბილისი გამონაკლისი არ არის. ბათუმი, ქუთაისი, მცხეთა, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ფოთი - საქართველოს 21 ქალაქი, მთავარი მოედნები და ცენტრალურ ქუჩები - საქართველოში სადღესასწაულო განწყობაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გორში, ოზურგეთსა და ფოთში ჩადის, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალების ტექნიკაა წარმოდგენილი, ღონისძიებებს მასპინძლობს განათლების სამინისტრო გურიაში. გურიის შემდეგ, სამეგრელოს ჯერია. ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობს.
17:10 წუთი - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, პრეზიდენტის სასახლის ეზოში ეროვნული ჰიმნი სრულდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმი ქვეყნის ფარგლებს სცდება - მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს ეროვნული დროშის, სხვადასხვა ქვეყნის შენობები და ისტორიული ნაგებობები ფერებში ნათდება. საქართველო მილოცვის წერილებს იღებს. მსოფლიო ლიდერებს შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი ქართველ კოლეგას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს, ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას: 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს. 26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს და გვახსენებს, რომ მონაპოვარზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი დაცვაა.