გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებული 6 პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გორის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა.
მოსამართლემ ექვსივე პოლიციელის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.
დაზარალებულის ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ სრულად კანონიერად და ობიექტურად შეაფასა გარემოებები და მისივე თქმით, თითოეული მათგანის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, არის სწორი და კანონიერი:
"სხდომის პარალელურად მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაზარალებულად ცნობა, რაც არსებითად მნიშვნელოვანი იყო. ვინაიდან სასამართლომ სრულად კანონიერად და ობიექტურად შეაფასა ეს გარემოებები. თითოეული მათგანის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით არის სწორი და კანონიერი. ჩვენ არ გვაქვს ის იდეაფიქსი, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს, ან შემცირდეს. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს, რომ საქმის მასალებში ობიექტურად იყოს ასახული ის ფაქტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა,"- აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 მაისს დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით, გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შეილახა დაზარალებულის უფლებები და ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. დაკავებულებს 5დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.