07 აგვისტო 2026,   15:29
ვრცლად
ოპოზიციის 26 მაისის აქცია და ახალი დაპირისპირება - მმართველი გუნდი გამწვავებულ დაპირისპირებას თავად აქციის წარუმატებლობას უკავშირებს

ერთიანობის დემონსტრირების იდეა ჩავარდა - ოპოზიციის სცენარი კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. აქციამ, რომელსაც საჯაროდ უნდა შეექმნა განცდა, რომ პარტიების ერთობა რეალურია, საჯაროდვე სხვა, ნამდვილი რეალობა აჩვენა. ჯერ იყო დავა ხალხის რაოდენობაზე, რომელსაც ზოგი სატელევიზიო რეიტინგებითაც ზომავდა, შემდეგ ერთმანეთს საერთო სლოგანი დაუწუნეს, ბოლოს კი წარსულიც გაუხსნეს.

მიხეილ სააკაშვილმა, რომლის ბანერებიც რუსთაველზე წინა პლანზე აღმოჩნდა, საჭიროდ ჩათვალა ისევ გააქტიურებულიყო. ექსპრეზიდენტმა ოპოზიციას ციხიდან მოსთხოვა პასუხი კითხვაზე - რა არის მათი შემდგომი გეგმა. რუსთავიდან მოიწერა ისიც, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით უფრო მეტი ხალხი შეიკრიბა იმ აქციაზე, რომელიც ნიკა მელიამ დაშალა.

ხისტმა პასუხმაც არ დააყოვნა - "მაოხრებელი გზირი, რომელიც სიცრუით ცდილობს ერთობის ჩაშლას" - მელია-გვარამიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა ეს სააკაშვილზე დაწერა, რომელიც სახელითაც კი არ მოიხსენია.

"ნაციონალური მოძრაობის" მოლოდინი არ გამართლდა. მათი ლიდერის კრიტიკის ავტორი საკუთარმა ლიდერმა დაიცვა. ნიკა გვარამია ამას მელიას გამართლებით შეეცადა და მიხეილ სააკაშვილს ურჩია, უკმაყოფილება მისსავე პარტიისკენ მიმართოს.

აქციის შემდეგ გამწვავებულ დაპირისპირებას თავად აქციის წარუმატებლობას უკავშირებს სახელისუფლებო პარტია. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციის სისუსტე სახელმწიფო ინტერესების გაძლიერების პირდაპირპროპორციულია.

ოპოზიციის მხარდამჭერები უკვე ღიად ამბობენ, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილი დიდი ხნის წინაც. მათი უკმაყოფილება სოციალურ ქსელში დღეს იმ ძველი ამბის გახსენების დროსაც გამოჩნდა, რომელიც ნიკა მელიას ორგანიზებულ აქციას ეხებოდა.

სწორედ მხარდამჭერების რაოდენობის სხვადასხვა მეთოდით დათვლა იყო დაპირისპირების მორიგი მიზეზი, რომელიც ოპოზიციის აქციის დასრულებისთანავე დაიწყო. ისევე, როგორც ერთმანეთის კრიტიკა საერთო სლოგანის გამო. უმრავლესობის თქმით, მცირერიცხოვანი აქციის შემდეგ ამ კონკრეტულ საკითხებზე დაწყებული მწვავე უთანხმოება ადასტურებს, რომ გარე ინსტრუქციებით გამართული ნებისმიერი აქცია კრახით სრულდება.

"უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლისა და მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა“ - ეს ოპოზიციის მორიგი ეპითეტია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ციხიდან მორიგი რჩევაც მიიღეს - ნუ იქნებიან გარე დახმარების იმედად. ეს იმ ფონზე, როდესაც 26 მაისის აქციაზეც დადასტურდა, რომ ოპოზიციური ალიანსი ჩეხი ინსტრუქტორის, იგორ ბლაჟევიჩის მითითებებით მოქმედებდა. პარტიები ზედმიწევნით მიჰყვნენ გეგმას, რომელიც "პრაიმტაიმმა" წინასწარ გამოაქვეყნა.

დღის ამბები