მსოფლიო ჩემპიონატი "რუსთავი 2-ზე" - პირველად არხის ისტორიაში, პლანეტის უდიდეს სპორტულ მოვლენას "რუსთავი 2", "სეტანტა სპორტთან" ერთად აჩვენებს. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს.
ეს არის ტურნირი, რომელიც მაყურებელთა რაოდენობით ოლიმპიურ თამაშებსაც უსწრებს. 2026 წლის ჩემპიონატი სრულიად ახალი მასშტაბის იქნება, რადგან მას სამი ქვეყანა მასპინძლობს - ამერიკა, კანადა და მექსიკა.
საფეხბურთო სანახაობისთვის უკვე მზად არის 16 ულტრათანამედროვე სტადიონი. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რეკორდულია გუნდების რაოდენობითაც. ისტორიაში პირველად, მუნდიალზე 48 ქვეყნის ეროვნული გუნდი ითამაშებს. მსოფლიოს ახალი ჩემპიონი 19 ივლისს გამოვლინდება.
სპორტის მნიშვნელოვან მოვლენას ეხმაურებიან ტელეკომპანია "რუსთავის 2-ის" წამყვანები. გადაცემა "შუა დღის" წამყვანის, ნიკა გაბელიას განცხადებით, ჩვენს ტელევიზიაში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირება ძალიან დიდ საფეხბურთო ზეიმს ნიშნავს.
"ჩვენს ტელევიზიაში მსოფლიო ჩემპიონატის გასვლა ნიშნავს ძალიან დიდ საფეხბურთო ზეიმს. თითოეული გულშემატკივარი მადლიერია იმით, რომ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიაში გავა ისეთი საფეხბურთო დღესასწაული, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი ჰქვია. ტელევიზიისგან გულშემატკივარი ელის ყველაზე მთავარს, ეს არის ემოციები, რომელიც იქნება უწყვეტი მთელი დღის განმავლობაში", - განაცხადა ნიკა გაბელიამ.
ნიკა გაბელიას მსგავსად, მაყურებელს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება ტელეწამყვანი ლაშა რამაზაშვილი. მისი თქმით, ძალიან დიდ სიხარულთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ზეიმის ჩვენება ტელევიზიისთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა.
"ეს არის საფეხბურთო ზეიმი, რომელსაც მთელი სამყარო ელის. ძალიან დიდი სიხარული და პასუხისმგებლობაა ერთად ის ფაქტი, რომ სწორედ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ტელევიზია, ვინც აჩვენებს მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ზეიმს, რომელსაც ამერიკა, კანადა და მექსიკა მასპინძლობს.
ამ ერთი თვის განმავლობაში, ალბათ ყველა გადაცემა გადავეწყობით მსოფლიო ჩემპიონატზე და საფეხბურთო თემატიკა იქნება ძალიან დიდი დოზით ჩვენთან, შემიძლია ამის გარანტია მივცე ჩვენს ერთგულ მაყურებელს. ვისაუბრებთ ძალიან ბევრს, სხვადასხვა საფეხბურთო მატჩზე", - განაცხადა ლაშა რამაზაშვილმა.