"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტი მსჯელობას დღეს განაახლებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის შემდეგ საკითხის განხილვა სესიაზე მეორე მოსმენით გაგრძელდება.
პროექტის თანახმად, შეიქმნება "დიპლომატიის აკადემია" რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება. სასწავლებელი, როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს.
კანონპროექტით, ასევე შემოდის დიპლომატიური კადრების მომზადების ახალი სისტემა, რომლის თანახმადაც, პირები დიპლომატიურ თანამდებობაზე "დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის" შესაბამისად დაინიშნებიან. აგრეთვე, იცვლება დიპლომატიური რანგების მინიჭების წესიც და ფართოვდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალი.
განსახორციელებელ ცვლილებას დადებითად აფასებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, დიპლომატებს მაქსიმალურად განვითარების საშუალება ექნებათ
"ძირითადად, განხორციელდება ორი პროგრამა - ეს შეეხება პოლიტიკურ მეცნიერებებს და საერთაშორისო ურთიერთობებს. ასე რომ, მაშინ, როდესაც აქამდე არ არსებობდა უნივერსიტეტი, რომელსაც ერქმევა დიპლომატიის აკადემია, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ საჯარო მოსამსახურეები - ჩვენი საამაყო დიპლომატები მაქსიმალურად განვითარდნენ. ასევე, ახალ კადრებს მიეცეთ სრული კომპეტენცია, ცოდნა, გამოცდილება იმისთვის, რომ ამ კარიერაში შევიდნენ", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, აკადემიის შექმნის საკითხზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა 8 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.