ამერიკელი სენატორის აღიარება - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ჯინ შაჰინმა ღიად განაცხადა, რომ უკრაინაში ომი, ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ უნდა დასრულდეს. სხვა ქვეყნების მიმართ კრიტიკით გამორჩეული პოლიტიკოსი, ახლა პირველ ადგილზე საკუთარ ქვეყანას და მის ინტერესებს აყენებს.
ყველა ქვეყანა, რომ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს, ამაზე „ქართული ოცნება“ წლებია საუბრობს. ქვეყანა, რომელმაც მშვიდობის ფასი ყველაზე უკეთ იცის, სწორედ სუვერენულ და პრაგმატულ პოლიტიკას ირჩევს. ამერიკელი სენატორის განცხადებით კი, მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რა ინტერესები აქვთ უცხოელ აქტორებს საქართველოსთან მიმართებით.
ჰუმანიტარული, პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა - უკრაინის დასახმარებლად საქართველოს ხმა ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან ისმის. თუმცა, ოპოზიცია და გარე აქტორები, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ. ის რაც უახლეს წარსულს ახსოვს, დღეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დაავიწყდათ. ამას მოწმობს ისიც, რომ ჯინ შაჰინის განცხადებას, დღეს სრულად იზიარებენ.
რატომ იყო საქართველოს სუვერენული პოლიტიკა და ეროვნული ინტერესებით მოქმედება კრიტიკის ობიექტი, მაშინ როცა იგივე მიდგომა ვაშინგტონიდან დაუფარავად ისმის? - "ქართული ოცნება" ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც აღიარა, რომ ის რაც უკრაინაში ხდება პროქსი ომია.
საქართველოს ხელისუფლების პროგნოზი გამართლდა. პრემიერ-მინისტრისთვის, ჯინ შაჰინის განცხადება იმის დადასტურებაა, რომ ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და სხვა ქვეყნების ბედი არავის აინტერესებს - მათ შორის, არც უკრაინელი ხალხის.
ომის 4 წელზე მეტი, განადგურებული ქალაქები, დაკარგული ტერიტორიები და ათასობით დაღუპული - ჩავარდნილი ე.წ. მეგობარი აქტის, თანაავტორის რეალური ზრახვები გაშიფრულია.