"მედია-ჰოლდინგის" დირექტორის მოადგილე, რეზი ჭიჭინაძე "რუსთავი 2-ზე" 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებას ეხმაურება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება "რუსთავი 2-ზე." შეთანხმება შედგა როგორც იქნა. ვულოცავ ჩვენი არხის მაყურებელს და ზოგადად ჩვენს არხს. ამაზე უკეთესი საჩუქარი, მით უმეტეს, რამდენიმე დღეში ჩვენ დაბადების დღე გვაქვს, შეუძლებელია რომ ყოფილიყო. ასე, რომ ყველას ველოდებით, ჩვენთან ერთად უყურონ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს," - აღნიშნა რეზი ჭიჭინაძემ.
პირველად არხის ისტორიაში მუნდიალის პირდაპირ ტრანსლირებას Setanta Sports-თან ერთად, ტელეკომპანია "რუსთავი 2" განახორციელებს. ამერიკის კონტინენტზე 23-ე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს. "რუსთავი 2-ს" ჩემპიონთა ლიგის პირდაპირი ტრანსლირების გამოცდილება უკვე აქვს. დიდი ფეხბურთი არხზე ამჯერად უკვე მსოფლიო ჩემპიონატით ბრუნდება.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი