ახალი დაპირისპირება ოპოზიციაში. ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და მხარდამჭერებს შორის განხეთქილების მიზეზი ამჯერად აქცია და სლოგანი გახდა.
ოპოზიციის ნაწილს დღეს უკვე თანაგუნდელებთან უწევს იმის მტკიცება, რომ ხალხის შეკრების პარალელურად აქციის ტრანსლაცია მნიშვნელოვანია. ოპოზიციის მხარდამჭერები ცინიკურ ფეისბუქ სტატუსებს უძღვნიან აქციის სლოგანსაც.
საკითხს აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, ოპოზიციას მეტი რესურსი არ აქვს.
"ჯერ, უკმაყოფილება გამოიწვა ოპოზიციის შიგნით - ხალხის რაოდენობა არ მოეწონათ. ან რატომ უნდა გამოსულიყვნენ მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე ადამიანები. მთელმა საქართველომ ნახა, რომ ვინც გამოვიდა ამის მეტი რესურსი გაერთიანებულ ოპოზიციას, მთელი საქართველოს მასშტაბით, არ აქვს.
კიდევ რაც არ მოეწონათ არის მათი სლოგანი, ზოგადად, გეგმა - ხვალინდელი და ზეგინდელი. ესენი არიან ქვეყნის მტრები, მაგრამ თუ საკუთარ თავს ქვეყნის ოპოზიციას უწოდებ, საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს თავად უნდა ადგენდე და არ უნდა გიწერდეს გარე აქტორი, იქნება ეს ბრიუსელი, თუ სხვა", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.