"მერამდენედ უკვე ვხედავთ, რომ კონკრეტულ სცენარამდე, ნაბიჯებამდე არის გაწერილი მათი უცხოელი მფარველების მხრიდან მცდელობა, რომ რაღაცნაირად შეუნარჩუნონ გულისცემა და სუნთქვა ამ პოლიტიკურ ძალებს", - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ლევან მახაშვილის თქმით, ოპოზიციური ძალები სხვა ქვეყნებში დატესტილ სცენარებს, საქართველოს რეალობაში ცდილობენ გადმოიტანონ და საზოგადოება მოატყუონ, თითქოს ახალი, განათლებული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები არიან.
პარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ უცხოური სცენარი, რომელიც ქართულ ინტერესებთან თანხვედრაში არ არის, ფესვებმოწყვეტილი ხის ანალოგია და როგორი კარგი შემსრულებლებიც არ უნდა ჰყავდეს, წარმატების საფუძველი არ ექნება.
„მერამდენედ უკვე ვხედავთ, რომ კონკრეტულ სცენარამდე, ნაბიჯებამდე არის გაწერილი მათი უცხოელი მფარველების მხრიდან, მიერთება, მცდელობა, რომ რაღაცნაირად შეუნარჩუნონ გულისცემა და სუნთქვა ამ პოლიტიკურ ძალებს. ახალ-ახალი სცენარებით სხვაგან დატესტილი, ზოგჯერ უცხოეთში, ზოგჯერ წარმატებული, ზოგჯერ წარუმატებელი, მაგრამ ამჯერად საქართველოს რეალობაში ცდილობენ ამ სცენარების გატარებას, დატესტვას. საბოლოო ჯამში მცდელობას, რომ მოატყუონ საზოგადოება, რომ თითქოს რაღაც ახალი გვირგვინით შემკობილი, გონება განათებული პოლიტიკური ძალები არიან, პასუხისმგებლიანი თითქოს, მაგრამ ვხედავთ ყველაფერს სინამდვილეში. ამიტომაც არის, უკვე მერამდენედ ვამბობთ, რომ რა უცხოური სცენარიც არ უნდა იყოს დაწერილი, როდესაც ის არ არის თანხვედრაში ქართულ დაკვეთასთან, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებთან, ეს იგივეა, რომ ხე იყოს ფესვების გარეშე, მოწყვეტილი რეალურ საზოგადოებრივ მხარდაჭერას. ამიტომ, არც ერთ ასეთ სცენარს, როგორი კარგი შემსრულებლებიც არ უნდა ჰყავდეს, როგორც არ უნდა მიჰყვნენ პუნქტობრივად, არ ექნება წარმატების საფუძველი“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
ცნობისთვის, იგორ ბლაჟევიჩის გეგმის რეალურობა დადასტურდა - ღამით აქციაზე პროცესი ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ეს "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, უცხოელი კონსულტანტის გეგმით იყო გაწერილი. ოპოზიციის ლიდერებმა ბლაჟევიჩის დავალებულ თემებზე ისაუბრეს და მისივე დავალების მიხედვით აქციის ბოლოს საზაფხულო კამპანიის დაწყება დააანონსეს. "პრაიმ ტაიმმა" გუშინ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია თუ რას აპირებდა ოპოზიცია უცხოელი კონსულტანტის იგორ ბლაჟევიჩის მითითებებით.