03 აგვისტო 2026,   19:19
ვრცლად
"ნებისმიერი აქტივობა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოში მეტი ჩინელი მოგზაური ჩამოვიყვანოთ" - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ITB China-ს ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.

საქართველოს დელეგაცია შეხვდა კომპანია Trip.com-ის მარკეტინგის რეგიონულ დირექტორს, ასევე კომპანია Messe Berlin-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტს. შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა და გამოფენაში მონაწილეობაც ქვეყანაში მეტი ტურისტის მოზიდვას ისახავს მიზნად.

"ჩინეთში ყველა მედიასაშუალება, ყველა პლატფორმა საქართველოზე საუბრობდა. პავილიონი სამი დღის განმავლობაში დატვირთული იყო როგორც სტუმრებით, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიღებას, ასევე ბიზნესსექტორით, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები ჰქონდა.

ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია - ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიისა და მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში, ვფიქრობთ, რომ დიდ წარმატებას მივაღწევთ. ეს ღონისძიებაც სწორედ ამ საერთო მიზანს ემსახურება: ერთი მხრივ, ჩინელ მოგზაურებში გაიზარდოს საქართველოს, როგორც უსაფრთხო და სანდო ქვეყნის ცნობადობა, მეორე მხრივ კი, ქართულ ბიზნესს შეეწყოს ხელი ჩინეთში სანდო პარტნიორების პოვნაში.

საბოლოო ჯამში, ნებისმიერი აქტივობა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში მეტი ჩინელი მოგზაური ჩამოვიყვანოთ. შარშან ამ კუთხით 44%-იანი ზრდა გვქონდა. ამასთანავე, 15 ივლისიდან დაანონსებული პირდაპირი ფრენებით, რომელიც თბილისი-შანხაი-თბილისის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით შესრულდება, ვფიქრობთ, საქართველოს ბევრად მეტი ჩინელი მოგზაური ეწვევა," - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე.

დღის ამბები