ცვლილების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრზე, როგორც დიპლომატიურ თანამდებობის პირზე, გავრცელდება კანონით დადგენილი რეგულაციები, მათ შორის დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებული წესები და პირობები - განუცხადეს "რუსთავი 2-ს" საგარეო საქმეთა სამინისტროში "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტის შესახებ.
უწყების ცნობით, საკანონმდებლო ცვლილები მიზნად ისახავს არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრასა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიურ თანამდებობის პირად განსაზღვრას:
"მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, როგორც დიპლომატიური თანამდებობის პირის, სამართლებრივ სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი წარმოადგენს დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს. ამასთან, კანონი განსაზღვრავს დიპლომატიური სამსახურის გავლისა და დიპლომატიური რანგების მინიჭების წესს.
ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიურ თანამდებობის პირად განსაზღვრა.
ცვლილების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრზე, როგორც დიპლომატიურ თანამდებობის პირზე, გავრცელდება კანონით დადგენილი რეგულაციები, მათ შორის დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებული წესები და პირობები,"- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.