04 აგვისტო 2026,   04:04
ვრცლად
რუსული იმპერიის მარწუხებიდან თავის დახსნის ორი მაგალითი ერთ საუკუნეში და მუდმივი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - 108 წელი დამოუკიდებლობის დღიდან

რუსული იმპერიის მარწუხებიდან თავის დახსნის ორი მაგალითი ერთ საუკუნეში და მუდმივი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 108 წლის წინ გამოცხადებულ პირველ რესპუბლიკასა და 35 წლის წინ საბჭოთა ოკუპაციის დამარცხებას შორის არსებულ იდეურ კავშირზე ისაუბრა. მთავარსარდალმა, კადეტების მიერ ფიცის დადების ტრადიციული ცერემონიალის დასრულების შემდეგ, იმ გამოწვევებზეც გააკეთა აქცენტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აქვს, თუმცა საზოგადოებამ, სამოციქულო ეკლესიასთან ერთად, შეძლო ყველა მთავარი ფასეულობისა და ღირებულების შენარჩუნება, რომელმაც ეროვნული თვითმყოფადობის მრავალსაუკუნოვანი კოდი უცვლელი დატოვა.

მამული, ენა, სარწმუნოება და ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - საქართველოს ისტორიაში ორი საკულტო პიროვნების მიერ შექმნილ ღირებულებით პოსტულატებზე გაკეთა აქცენტი პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ ნიკეის პირველი საეკლესიო კრების შემდეგ, საქართველოში, 1700 წლის წინ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ, ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებულმა სახელმწიფომ და ქართულმა ეკლესიამ შეძლო ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. პრემიერმა დღეს მთავარი ეროვნული მიზანიც დაასახელა - გაერთიანებული საქართველო.

სუვერენული განვითარების აუცილებლობა გლობალური საფრთხეების ფონზე, ეროვნული დამოუკიდებლობის მთავარ მიზნად დაასახელეს პარლამენტის სპიკერმა და თავდაცვის მინისტრმა. მიმართვის დროს, ლიდერებმა აქცენტი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ქართული ჯარისა და ეკლესიის როლზე გააკეთეს. თქვეს, რომ რწმენა და პატრიოტიზმის სიმტკიცე საქართველოს მომავალი არსებობის გზაზე გადამწყვეტ მნიშვნელობას იკავებს, რადგან ქართველი ერის არჩევანი, მრავალი საუკუნეა, თავისუფლებაზე გადის.

ქრისტიანული რელიგიისა და ქართული სახელმწიფოებრიობის 1700 წლიან განუყრელ კავშირზე ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ. ქართული კულტურის, ტრადიციების, თვითმყოფადობისა და იდენტობის განმტკიცების გზაზე, პატრიარქი ქართულ სამოციქულო ეკლესიას და სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილებად მიიჩნევს.

108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა. აქტი აცხადებდა, რომ საქართველო იყო სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხელისუფლების წყაროს კი ხალხი წარმოადგენდა.

დღის ამბები