03 აგვისტო 2026,   11:56
ვრცლად
თავისუფლების, ერთიანობისა და მშვიდობის იდეა - დამოუკიდებლობის დღეს, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და მმართველი გუნდის დეპუტატებმა აქცენტი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნებაზე გააკეთეს 

დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველომ დღეს 35-ედ აღნიშნა. 26 მაისი ქვეყნის ისტორიაში სახელმწიფოდ ჩამოყალიბების, სუვერენიტეტის დაცვის, ღირებულებების ერთგულებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოა. ბრძოლის, რომელიც უწყვეტი პროცესია, მიზანი კი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა და სახელმწიფო ინტერესების ერთგულებაა.

ეროვნული დღესასწაული იზეიმეს ყველგან - ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს მიღმაც. ძლიერი სახელმწიფოს იდეა თავისუფლების, ერთიანობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ეფუძნება. 26 მაისს ამ ღირებულებების დაცვას განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა. მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებით, მყარი ინსტიტუციები ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან ერთად მისი ყოველდღიურად განმტკიცების გარანტიაა.

დამოუკიდებელი საქართველო, როგორც ღირსეული სახელმწიფო - ეს იყო იდეა, რომლისთვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მომხრეებმა 108 წლის წინ იბრძოლეს. მძიმე გამოწვევებისა და ზოგჯერ მარცხის მიუხედავად, საბოლოოდ საქართველო ხელახლა დაიბადა და გაიმარჯვა. ამ გამარჯვების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას სამთავრობო გუნდის წევრები და აცხადებენ, რომ დღეს ქვეყანა სწორედ ამ ფასეულობების გამგრძელებელია.

ფასეულობებს შორის რწმენას განსაკუთრებული ადგილი აქვს და წელს ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი განსაკუთრებულად აღინიშნება. სულიერი და კულტურული ფასეულობები საქართველოს საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა. წლევანდელი 26 მაისის შინაარსიც სრულად ამ იდეით დაიტვირთა და 1700 წლიანმა რწმენამ ხალხი სიყვარულში გააერთიანა.

დღის ამბები